ეკატერინა ხვედელიძე ქუთაისში ჩაუსვლელობას მისი ოჯახის მიმართ საფრთხის გაზრდით ხსნით /vid
ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე ქუთაისში დღეს დაგეგმილ "ქართული ოცნების" აქციას არ დაესწრება. ამის შესახებ ხვედელიძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, თამარ ჩიქოვანის გადაცემაში "ჩვენ" განაცხადა და გადაწყვეტილება 27 მაისის შემდეგ ივანიშვილის ოჯახის მიმართ საფრთხის გაზრდით ახსნა.
"ბიძინას პოლიტიკაში შემოსვლა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ოჯახისთვის, ბევრი ვიფიქრეთ, გვქონდა დისკუსია, კამათიც, რადგან არსებობდა საფრთხე და ამას ყველა ვგრძნობდით, განსაკუთრებით ბიძინა, იმიტომ, რომ კარგად იცნობს ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს და იცის, რაზე არიან წამსვლელები", - აღნიშნა მან.
ხვედელიძის განმარტებით, 27-მა მაისმა ეს საფრთხე უფრო ნათლად გამოაჩინა, რადგან ამ დღის მუხტმა ყველას დაანახა, თუ რა განწყობა არის ხალხში, როგორი სურვილი აქვს საქართველოს მოსახლეობას, რამაც, შესაბამისად, საფრთხეც გაზარდა.
მისივე თქმით, ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის ის საფრთხე, რაზეც ვახტანგ კომახიძე საუბრობდა, 27 მაისის შემდეგ უკვე რეალური გახდა. "ცოტა მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ თუ ბიძინამ ვერ განაგრძო პოლიტიკური მოღვაწეობა, მაშინ მე ვიტვირთებ ამ საქმეს, ამიტომ ჩვენი ერთად ყოფნა უკვე აღარ არის სასურველი", - განაცხადა ხვედელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ კარგად დაინახა, პროცესი, რომელიც დაიწყო, აღარ შეჩერდება, შესაბამისად, ისინი მაქსიმალურად მოინდომებენ ლიდერისთვის ხელის შეშლას. "ვცდილობ, რომ ამ ემოციას არ ავყვე, თუმცა ვიცი, საშიშროება ძალიან დიდია", - თქვა ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ.
10-06-2012, 06:31
