ზურაბ ზვიადაური: "დღემდე ბიძინა ივანიშვილის ხელფასით ვცხოვრობ"

საზოგადოება , პოლიტიკა
ზურაბ ზვიადაური:

ცნობილი ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ოქროს მფლობელი ზურაბ ზვიადაური, ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას, "ქართულ ოცნებას" შეუერთდა. "სარკესთან" საუბარში სპორტსმენი ამბობს, რომ უსამართლობას შეეჩეხა, ხელისუფლებამ მისი შრომა არ დააფასა, დღევანდელ ქართულ სპორტში ის საკუთარ ადგილს ვეღარ ხედავს, რის გამოც პოლიტიკაში წასვლა ამჯობინა, მაგრამ არა – სამუდამოდ. ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წასვლის შემთხვევაში საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდება, ოღონდ არა სპორტსმენის, არამედ მწვრთნელის რანგში.
წელს, 27 მაისს, ის თავისუფლების მოედანზე, "ქართული ოცნების" აქციაზე გამოვიდა სიტყვით და მისი პოლიტიკური გზაც დაიწყო. მრავალი ათასი ადამიანის წინაშე გამოსულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ ეს დღე, მის ცხოვრებაში ისეთივე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იყო, როგორიც 2004 წელს მსოფლიო ოლიმპიადაზე გამარჯვების დღე, როცა ჩემპიონი გახდა.
რატომ არჩია მან ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგომა? ამაზე საუბარი ზურაბ ზვიადაურმა ცოტა შორიდან დაიწყო.
ზურაბ ზვიადაური:
– 2004 წელს ტრავმა მივიღე, რის გამოც სპორტიდან, ასე ვთქვათ, დავიკარგე. 2005 წლიდან მოყოლებული შვიდი ოპერაცია გავიკეთე, აქედან მუხლზე – ოთხი, ხერხემალზე – ორი და მხარზე – ერთი. დავიწყებდი თუ არა ვარჯიშს, ტრავმას ხელახლა ვიღებდი. 2011 წელს გადავწყვიტე, მწვრთნელად მემუშავა. ამავე წელს სპორტიდან ოფიციალური გაცილება მომიწყვეს. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ლადო ვარძელაშვილს მივმართე თხოვნით, რომ სადმე მწვრთნელად დავენიშნე. რამდენიმე დღეში ახალგაზრდულ ნაკრებთან დავიწყე მუშაობა, მაგრამ იმის გაკეთების საშუალება არ მქონდა, რაც შემეძლო. უფროსი მწვრთნელი რასაც იტყოდა, მეც ის უნდა შემესრულებინა.
ამის შემდეგ საქართველოში უცხოელი მწვრთნელი, პიტერ ზაიზენ ბახერი ჩამოიყვანეს. მან მოითხოვა, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი და ერთად გვემუშავა. მე, რა თქმა უნდა, ამხელა სპორტსმენის გვერდით მუშაობას დიდი სიხარულით დავთანხმდი. სამი თვის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოვიპოვეთ. ის პრემია, რაც მე მეკუთვნოდა, სხვამ მიიღო. პრემია მაშინდელ მწვრთნელს, სოსო ლიპარტელიანს გადასცეს. ალბათ ასე გადაწყვიტეს, რადგან იმ მწვრთნელის შემოთავაზებას დავთანხმდი და უცხოელთან ვიმუშავე. ჩემი თავდაუზოგავი მუშაობა და შრომა წყალში ჩაიყარა. როცა ვთქვი, სპორტიდან მივდივარ–მეთქი, არავინ მითხრა, მოდი, ჩვენ გვერდით დადექი და იმუშავეო.
– გულნატკენი ხართ?
– მე ხელწამოსაკრავი და განზე გასაწევი სპორტსმენი არ ვიყავი. ეს ვინ გააკეთა, არ აქვს მნიშვნელობა. თვითონ მივედი სამინისტროში, მწვრთნელად დანიშვნა ვთხოვე და დამთანხმდნენ. რა მიზეზი უნდა მოეგონებინათ იმისათვის, რომ უარი ეთქვათ? პრემია მეკუთვნოდა, მაგრამ უცხოელ მწვრთნელთან ერთად რომ ვიმუშავე, ალბათ ამიტომ არ მომცეს. ფედერაციაში მითხრეს, გეკუთვნის, მაგრამ სამინისტრომ გადაწყვიტა, პრემია ლიპარტელიანისთვის მიეცაო. უსამართლოდ მომექცნენ, ამ სფეროში ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე. ამან ძალიან გამაღიზიანა და გულიც დამწყვიტა.
– ამიტომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?
– უსამართლობის გამო გადავწყვიტე. ასეთი უსამართლობა მხოლოდ ძიუდოში კი არა, ყველა სფეროშია. თუნდაც მედია ვის ხელშია? რასაც უნდათ, იმას აწერინებენ, რაც უნდათ, იმას ალაპარაკებენ. სამართალი ამათ ხელშია, როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ.
– მახსოვს, ოლიმპიური ჩემპიონატი ახალი ჩატარებული იყო, 2004 წელს ვგულისხმობ, თქვენ მაშინ ნაციონალურ მოძრაობას და პირადად მიხეილ სააკაშვილს უჭერდით მხარს. რა მოხდა შემდეგ?
– ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ მე ნაციონალური მოძრაობის წევრი ვიყავი. ნაციონალური მოძრაობის წევრი არასდროს ვყოფილვარ. მითხრან, როდის ვიდექი მათ გვერდით. უბრალოდ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, ყველა მიცნობდა და პატივს მცემდა. ვინც ჩემ მიმართ სიყვარულს გამოხატავდა, მეც იმავეთი ვპასუხობდი. მხარდაჭერა იმით არ გამოიხატება, ადამიანი რომ მოვა და, შენ გენაცვალეო, გეტყვის. შეჯიბრს რომ მოიგებ, საქართველოს პრეზიდენტი რომ მოვა, ხელს ჩამოართმევ და მადლობას გადაუხდი იმისთვის, რომ მოვიდა, დაგაფასა, ეს მისი მხარდაჭერაა?! მე ყოველთვის დიდ მადლობას ვუხდი ნებისმიერ ადამიანს, ვინც მაფასებს, უბრალო ადამიანი იქნება თუ სააკაშვილი. როცა ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, ცხონებულმა ზურაბ ჟვანიამ დამირეკეს და იმისათვის, რომ საქართველო ვასახელე, მადლობა გადამიხადეს. გახარებული ვიყავი, რომ ქვეყნის პირველი პირები მირეკავდნენ და მადლობას მიხდიდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი მხარდამჭერი ვიყავი.
– მაინც ჩაგეძიებით და გკითხავთ, კიდევ რაიმე უთანხმოება მოხდა თქვენსა და ხელისუფლებას შორის?
– არა. უბრალოდ ხმები წამოვიდა, რომ თურმე ზურაბ ზვიადაური ნარკომანი, ხულიგანია. ასეთი ჭორი, არ ვიცი, ვინ გაავრცელა, მაგრამ როგორ გგონიათ, ნარკომანი ვარ? არ ვიცი, ვის რაში დასჭირდა ასეთი ჭორის გავრცელება. ალბათ ეს ხმები სპეციალურად, ჩემი სახელის შესალახად გაავრცელეს, რადგან ხელისუფლების გვერდით არ ვიდექი, მხარს არ ვუჭერდი. ზუსტად არ მახსოვს, რომელი წელი იყო, 2006 თუ 2007 წელი, სპორტის სამინისტროდან დათო ნამგალაურმა ძიუდოს ნაკრების წევრებს დაუძახა და უთხრა, რომ ძიუდოისტებს სააკაშვილის მხარდასაჭერ ფურცელზე ხელი უნდა მოეწერათ. მაშინ ბადრი პატარკაციშვილის და სააკაშვილის დაპირისპირების პერიოდი იყო. ჩვენ, ძიუდოისტებმა, ამაზე უარი განვაცხადეთ, ვთქვით, რომ სპორტსმენები პოლიტიკოსები არ ვართ და პოლიტიკაში არ ვერევით.
ერთხელ, წელი არ მახსოვს, რუსთაველის პროსპექტზე მივდიოდი, მომიტინგე სტუდენტები იყვნენ შეკრებილი, მთხოვეს, რაიმე კომენტარი გამეკეთებინა. ახალგაზრდობას გენაცვალეთ, მეც ახალგაზრდა ვარ და თქვენ გვერდით ვდგავარ–მეთქი, ვთქვი, სულ ეს იყო ჩემი სიტყვები. ამის შემდეგ იყო ბევრი ზარი, რომ რამ გამაგიჟა და რამ გამაკეთებინა ეს განცხადება. ეს მომიტინგეები ცოტა ხანში ცემით და ჩხუბით დაშალეს.
– რატომ გააკეთეთ არჩევანი მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილის პარტიაზე?
– ბიძინა ივანიშვილის ადამიანობით აღფრთოვანებული ვარ. მან ქართველი ხალხისთვის ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა. პირველად ბატონი ბიძინა მაშინ ვნახე, როცა სპორტსმენებთან ჰქონდა შეხვედრა. მეც მივედი, მისი ნახვის სურვილი მქონდა, ხელის ჩამორთმევა და დიდი მადლობის გადახდა მინდოდა იმ ადამიანისთვის, რომელმაც ქართული სპორტისათვის ბევრი რამე გააკეთა.

– "ქართულ ოცნებაში" გაწევრებაზე შემოთავაზება მისგან მიიღეთ თუ ეს თქვენი სურვილით მოხდა?

– "ქართული ოცნებიდან" რამდენიმე ადამიანს შევხვდი, მათგან შემოთავაზება მივიღე და დიდი სიხარულით დავთანხმდი. თუმცა მანამდე ვიფიქრე, შეიძლებოდა თუ არა ისევ სპორტში დავბრუნებულიყავი. სპორტში მუშაობა რომ გამეგრძელებინა, კიდევ ორი ოპერაცია – მხარსა და ხერხემალზე დამჭირდებოდა. ამიტომ "ქართულ ოცნებაში" გაწევრებაზე შემოთავაზებას დავთანხმდი. სანამ ეს შემოთავაზება იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილი მიხდიდა ხელფასს და დღემდე მისი ხელფასით ვცხოვრობ.
– როცა ვინმე ივანიშვილის პარტიაში მიდის, მის ამ გადაწყვეტილებას ყოველთვის ფულს უკავშირებენ – აი, ისიც "იყიდა" ბიძინამო. თქვენ წარმატებული ადამიანი ხართ, გაქვთ თქვენი ბიზნესი...
– ვინც იმას ფიქრობს, რომ ივანიშვილთან ფულის გამო წავედი, ის ძალიან ცდება. ეს შეიძლება თქვას იმან, ვინც ჩემს პიროვნებას არ იცნობს ან იმან, ვისაც ხელფასს ამის თქმაში უხდიან. შეიძლება ეს თქვა ადამიანზე, ვისაც არ იცნობ? მქონია პერიოდი, როცა ბევრი ფული მქონდა და იყო პერიოდი, როცა საერთოდ არ მქონდა. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელმაც კარგად იცის, რა არის გაჭირვება.
– რა გითხრათ ივანიშვილმა, როცა შეხვდით?
– ბატონმა ბიძინამ დიდი მადლობა გადამიხადა ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმისთვის. მითხრა, მადლობა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეთ და ქართველი ხალხის გვერდით დადექითო.
– როგორ ხედავთ თქვენს თავს "ქართულ ოცნებაში", პოლიტიკაში?
– ჩემი ვალი იყო, ეს ნაბიჯი გადამედგა. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან, ტლაპოდან უნდა ამოვიდეთ, უსამართლობა აღარ უნდა არსებობდეს. ჩემი მიზანი არ არის ის, რომ სადღაც რაღაც თანამდებობა მქონდეს. მე უბრალოდ იმ ადამიანის გვერდით დავდექი, ვისაც საქართველო, სამშობლო უყვარს და მის გამო მართლაც ღელავს. ხალხი დაჩაგრულია, ხალხს ნაბიჯის გადადგმის ეშინია.
– რამდენად სწორად მიგაჩნიათ სპორტსმენების, ხელოვანი ადამიანების წასვლა პოლიტიკაში? ეს ნაბიჯი რამდენად ამართლებს?
– მთელი ცხოვრება იმას ვამბობდი, პოლიტიკაში რა მინდა–მეთქი. ეს ნაბიჯი ჩემი კეთილდღეობის გამო არ გადამიდგამს, ეს ხალხის კეთილდღეობის გამო გავაკეთე. მათ უნდა დაინახონ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი, ისინიც ასე მოიქცნენ.
– ბრიფინგზე პირველი გამოსვლისას თქვენი დაბნეულობა მედიასაშუალებების განხილვის საგანი გახდა. ალბათ ძალიან ნერვიულობდით.
– ვნერვიულობდი იმიტომ, რომ ტელევიზიასთან ურთიერთობა მიჭირს. არა უშავს, ჩემთვის ეს არ არის მთავარი თემა, რაც უნდათ, ის აჩვენონ, მთავარია, ხალხმა ის დაინახოს, ეს ნაბიჯი რატომ გადავდგი.
– თქვენი გადაწყვეტილება მეგობრებმა, ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა როგორ შეაფასეს?
– დადებითად, ძალიან კარგად. ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩემი მეგობარი ჰქვია, ამ ნაბიჯს გადადგამს.
– ანუ თქვენი სფეროდან შესაძლებელია, რომ ბევრი შეუერთდეს "ქართულ ოცნებას"?
– შესაძლებელია – არა, კიდევ ბევრი ადამიანი გადმოდგამს ამ ნაბიჯს და ამას თავად ნახავთ.
– სპორტიდან საერთოდ წამოხვედით?
– ჭიდაობას არ გავაგრძელებ, მაგრამ ამ ხელისუფლების წასვლის შემდეგ ჩემს საქმეს დავუბრუნდები, ოღონდ არა – აქტიურ სპორტს. მწვრთნელობას განვაგრძობ. მიყვარს ჩემი საქმე, მე სპორტული სული მაქვს, მებრძოლი ადამიანი ვარ და ვიქნები იქ, სადაც ჩემი ადგილია.
– თქვენი ბიზნესის, სამშენებლო კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავის" საქმეები როგორ მიდის?
– ამ ბიზნესში არსებული ჩემი წილი სხვაზე გადავაფორმე. რადგან პოლიტიკაში წავედი, ჩემი წილი დავთმე. შესაბამისად, ამ ბიზნესში აღარ ვარ.
ეკა ლემონჯავა

ნახვები: 3005-06-2012, 17:13
პატივცემულო მომხმარებელო, გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით